ვასოს გასვენება

იხსენებენ: ფიდო და მონკი.

ფიდო:

ძაან უცნაურად წარიმართა ყველაფერი. ჯერ ხო პანაშვიდზე ტრაინიკმა ბუთქა. მერე ნასვამ ვუჰუს სასახლის რუჩკა კინაღამ დაუსხლტა ხელიდან. და ბოლოს ქელეხში რომ აღმოაჩინა პროფესორმა, რომ "ა"დესური სიმღერების კასეტას გადააწერა ბრუსლიმ საპანაშვიდო მუსიკა.... ცოტაც და ხიპიშით დამთავრდებოდა ვასოს გაცილება.

უკვე ცოტა აღრენილი იყო მენტორი - სათალი სქელ ნაჭრებად დავჭერი და "შენ რატომ დაგაჭრევინესო. ვინც დაჭრა იცოდა, ის ვერ იზამდაო"... მაქედან დაიწყო.

მონკი:

ფიდო ერთი და ორი დღე არ იცნობდა პროფესორს. წლების მანძილზე, რამდენჯერ ხელიხელგადახვეულნიც მისულან ბატონი თენგიზის უფროსი დის, ქალბატონი მაკრინეს სახლში, "ვიდოუი ნანას" ღიღინით. ბარბაცით აუყვებოდნენ ხოლმე ვარანცოვის 47-ში, ტიპიური თბილისური ე.წ. იტალიური ეზოს მორყეულ კიბეს და მშვიდად იდგნენ კართან სანამ მაკრინე ქოქოლით გამოვიდოდა, შიგნით შეყრიდა ერთ ბეწო მაგრამ თბილ ბინაში, გახდიდა და ერთ დიდ ტაშტში ჩააყოფინებდა ფეხებს ორივეს. კიდევ კარგი, თავს მაინც ცალ-ცალკე სველი ტილოებით უკონავდა

სიტყვა გამიგრძელდა (დამჩემდა რაც ასაკი დამეტყო) მაგრამ ამით იმის თქმა მინდა - ფიდომ იცოდა შეზარხოშებული პროფესორის "მუღამი", მეთქი. ამიტომ როცა პროფესორმა სათალის დაჭრის უგვანობაზე "ბუინი" წამოიწყო, ფიდომ ეგრევე იგრევა - სათალი აქ არაფერ შუაში იყო. სიტყვა არ შეუბრუნა საყვარელ პროფესორს, მხოლოდ თბილად გაუღიმა, "ლიპა" ფორმულაზე გამოჭერილი ასპირანტივით და მხარზე ხელი მოუტყაპუნა - "კაი ახლაო".

მაგრამ პროფესორი ასე ადვილად დაწყნარებას არ აპირებდა. ჯერ იყო და ვასო გამოეცალა ხელიდან მოულოდნელა - მერე რა რომ სულ იმას იძახდა - ვასო ჯონჯოლივითააო (გაგრძელება იცით ალბათ) - ვასო კი იყო მარა მაინც კაცი იყო და ნასტუდენტარი თანაც. მერე ამ დაბდურა ბრუსლიმ ოდესური ბალადები გაუბახა და საერთოდაც - ჯემალას კარ...ის ტრ... რო მ.....ან, ეს მჟავე ღვინო სად იშოვა? კაი ჯემალა ***ცენზ^ურა***ა, ვუჰუ რისთვის გააყოლა - ვერ მიაქცია ყურადღება? მოკლედ, სადარდებელი და გასაბრაზებელი ბევრი ჰქონდა მკაცრ პროფესორს. თენგო რო გაბრაზდებოდა, ბოლის გამოშვება კაი ხანს გრძელდებოდა. ამჯერად ჩვეულებრივზე დიდხანს გასტანდა ეს ამბავი, კუშტად შეკრულ წარბებზე და დამცინავად მოღრეცილ ღრანჭზე შეატყო ფიდომ მაესტროს.

ფიდო:

მოკლედ, სიტუაცია ნელ-ნელა იძაბებოდა. ყველა მიცვალებულთა მოხსენიება რომ დასრულდა და ცოცხლებზე უნდა გადასულიყო თამადად დანიშნული ბერმუხა.... ამ დროს, გრანიონი ჭიქებით მცირე ინტერვალებით სმისგან ცოტა ხელდაბრუჟებულმა მონკმა, ქინძმარში ჩაწობილი ლოქოს გადაღება დააპირა და მოუხდენელი კოორდინაციის გამო, ლოქოს კუსოკიანი და წვნიანი სუფის კოვზი პორფესორს პიატეგორსკში ნაყიდ ნაცრისფერ შარვალზე დაუგდო.

მონკი:

აფეთქდა პროფესორი... უფრო სწორად დააპირა აფეთქება და აფეთქდებოდა კიდევაც მარა ყველაზე აღრენილი იყო და რაღა მონკზე აფეთქებულიყო? ძალიან სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა მე და პროფესორს. თავის დროზე ლონდონ სქულ ოფ ექონომიქზში სამაგისტრო თემა რო მივატოვე პროფესორის ლიპეცკურ მასტერ-კლასებზე დასასწრებად და შემდეგ ლიპეცკი გასუდარსტვენნიშიც გადავიტანე საბუთები მისივე ხათრით - ეს არ ავიწყდებოდა, სხვანაირი სიყვარული ჰქონდა მაგ ამბის მერე.

პროფესორი ის კაცი არ იყო დიდხანს ეფიქრა და ედუდღუნა სასჯელის სამართლიანობის შესახებ, ერთი კი გადმომხედა დაბღვერით, გაფითრებულს და საქციელწამხდარს, მერე წამოდგა, მაგიდაზე გადმოიხარა და ჩემს გვერდზე მჯდომ ალეკოს სწვდა ქეჩოში. ისეთი შეანჯღრია, მე სკამიდან გადმოვვარდი. პროფესორმა ფოლადის ხელები ჩაავლო ალეკოს, ჰაერშჲ ასწია, ფეხები ააფართხალებინა დასახრჩობად განწირული ლოქოსავით და ისეთი ძალით მოიქნია, მეზობელ ვალერასგან ნათხოვარ სეფას წარუშლელ კვალად დააჩნია უზარმაზარი "დირკა".

ფიდო:

აირია მონასტერი. სეფიდან გასროლილს ორი გარე მამიდაშვილი გამოესარჩლა. მარა პროფესორი ცნობილი პიანნი მასტერი იყო და ბიძური წიხლით გაუმასპინძლდა ერთ-ერთს. თუმცა ბიძური წიხლი რისი ბიძური წიხლია, თუ წიხლის ჩამზელი თვითონვე არ წაიქცა ოტდაჩის ძალით. ხოდა ბატონი თენგიზიც ჩაყირავდა დაქირავებული გრძელი სკამის ქვეშ და მე რომ შეგრილებული შილაფლავით სავსე მათლაფა არ მეწეპებინა სახეში მეორე მამიდაშვილისთვის, შეიძლება ცუდად დამთავრებულიყო ყველაფერი.

ამ აურზაურზე, ღიპიანა სალუქვაძემ, რომელსაც მიყოლებით გადაშვებული რამდენიმე სადღეგრძელო უკვე გვარიანად ურევდა გონებას, ღვინის დოქი მოიქნია გვერდითა მაგიდიდან უმისამართოდ და პროფესორის ალალ დეიდაშვილს, ყველასთვის საყვარელ ქალბატონ მზაღო ტოკლიკაშვილს მოარტყა თავში. ქალბატონი მზაღო ტრამვირებული იყო ამგვარი ინციდენტებით. ჯერ კიდევ, მისი დის, იუზას ორმოცზე, მე და ჰექსმონამ ისე ვიჩხუბეთ, დღემდე მრცხვენოდა ამ ქალის (ისე ჰექსამ შემაგინა პირველად, ხაშლამა ჩამოტარებით იყო და მე წინ დავიდგი). ხოდა ახლა, ამ დოქის მოხვედრით განცდილი ფსიქოლოგიური ტრამვა აღარ მოუშუშდა და დარჩენილი 26 წელი თავისი მორიდებული ცხოვრებისა სულ იღიმებოდა.

იქ ვასოს ნათესავი არავინ იყო, რადგან ვასოს ასეთი არ ჰყავდა და ცოტა არეული გარემოდან შეყრილი ხალხი ერთად, უცებ მიყოლებული ღვინო, ოხშივარი, ნაბუთქი ტრაინიკის ბოღმა და მოკლედ დიდ ბაკხანალიაში გადაიზარდა ყველაფერი, სანამ ისევ პროფესორმა არ აიღო საჭე ხელში და ცნობილი პრიომი ჩაატარა, რომელიც თავად თენზინ გიაცომ ასწავლა ტიბეტურ მონასტერში - ლევიტაცია. ასე 3 მეტრით აიწია და სეფის ჭერის ქვეშ დაეკიდა. ამის შემხედვარე ბრბო გაშრა. ტყუპები ანზორ და ზაალ ბეხლეწაშვილები, რომლებიც ერთმანეთს დაუნდობლად ურტყამდნენ, მუხლებზე დაეცნენ; სულიკო კაიდარაშვილს იმედა გულაღაშვილის თავზე აღმართული დოქი შეეყინა და ოლია კერესელიძემ, თემქაში განთქმულმა ყავის მკითხავმა სამუდამოდ დაანება მკითხაობას თავი და, ამ დღიდან მოყოლებული, მამალაძის მიერ, თემქის მესამე მიკრორაიონის, 45ა და 47ბ კორპუსებს შორის აშენებულ პატარა ეკლესიაში კვირაში ორჯერ ეზიარებოდა.

დაიშალა ხალხი, სალფეტკში გახვეული ცოტა თევზი და სხვადასხვა დარჩენილი საჭმელი მიჰქონდა თოთოეულს. უბრალო ხალხი იყო, ზოგი მეცნიერ მუშაკი, ზოგიც ცოტა გაგრია, მარა ცოტა ყველას უჭირდა, როგორც ბევრ პატიოსან ადამიანს. თან ვასოს პატივისცემაც იყო, მიაგებოსო, იტყოდნენ. ივერიელმა ნახევარი ქვაბი შილა წაიღო, ისე რა ნამუსით, არ ვიცი, სულ ვასოს გინებაში იყო, მარა ალბათ ასე ისურვა გამჩენმა - მისგან უფრო მიუვიდოდა და პატიების ნიშანიც იქნებოდა.

P.S.-ს ნაცვლად, მონკი:

რა ნამუსით და - "სამ შვილს რჩენა არ უნდაო?" ბურტყუნებდა. 2 ცალი ბატონჩიკი პურიც მიჰქონდა, ძლივს გააგდებინეს ხელიდან

Last updated