სუში

სუში კარგად უნდა იყოს გაკეთებული. მინახავს ადამიანები იაფფასიან ჩინურ ბუფეტში მორჩენილი ვირთევზას ნაჭრების და ბრინჯის ნარევს რომ მოასხამენ სოუ სოსსა და მერე დიდი ამბით იბღინძებიან, სუში არ მოგვეწონაო. სუშის დამზადება, ჯინჯერთან ერთად კონსუმირება და პოსტ-საკეური ეიფორია მთელი ხელოვნებაა. იაპონური, უმეტესად.

რა სჯობია, წესიერ სუში ბარში რომ ჩაჯდები, მოგიტანენ ცხელ საკესა. იორთქლება პატარა ჭიქები. შენს წინ დანებს მარჯვედ ატრიალებს იაპონელი შეფი. ახალ მუშტრებს თავის დახრით ესალმება. მიმავლებს ღრინვიანი "ა-რრრრ-გატო"-თი აცილებს. მერე ოსტატურად დაუსმევს თევზის ნაჭრებს დანასა. დასჩეხავს, დააბასტურმებს. იქიდან ბრინჯის გუნდებს დააგორგოლავებს, აურევს და რაღაც ჯადოსნური კანონებით მიაბავს ერთმანეთზე. დააწყობს მერე პატარა ხის დაფაზე, აქეთ-იქიდან ლამაზად მიურჭობს იაპონური ბოსტნეულის ნაჭრებსა. ოსტატურად მიჰყრის კუთხეში ვარდისფერ ჯინჯერსა და მსხვილტარიანი დანის ბარაქიანი ამოსმით დაატანს ღია-მწვანე ფერის ვასაბისა (ანუ იაპონურ მდოგვსა). გადმოგაწოდებს მერე და შენც ეუბნები "არიგატო".

შეფი იღიმება, უკანასკნელი სამურაივით აქნევს თავს და ისევ ბრინჯებს და უმ თევზებს უბრუნდება. "პაჰ, პაჰ, პაჰ, რა სუშია, ბიჭო, რა სუში!!!" - ფიქრობ შენთვისა და კბილები გიკაწკაწებს. ჩამოასხამ ცოტაოდენ სოი სოსსა, დაატან ზედ ერთ ამოსმა, ამოლესილ ვასაბისა, კარგად მოურევ, მერე წვრილი ჯოხებით დაითრევ ბრინჯის გუნდისა, ჩააწობ შიდ და გააქანებ პირისკენ. მწარე ვასაბის, ნაზტანიანი სოის და შებოლილი ლოქოს გემო ერთად მოაწყდება პირის ღრუს რეცეპტორებსა. აი, აი, დაიწვას ჯანი, ჩაიწვა ყელი! დააყოლებ უცებვე ამ მადლიან საკესა და მერე ერთი-ორი ჯინჯრის ნაჭრით ჩაიგემრიელებ ყელსა. ჩაწმინდა, კაცო, ჩაწმინდა! შეფი, ამ დროს ვითომ დაკავებულია, მაგრამ ჩუმად გითვალთვალებს. აინტერესებს, აბა მოეწონა თუ არაო. შენც გამამხნევბლად უღიმი, მოწონებით აქნევ თავს, მაღლა სწევ საკეთი ხელმეორედ შევსებულ სასმისს და ვასაბით თვალებში ცრემლმომდგარი გაჰყვირი ამ განუმეორებელ სიტყვას: "ა-რრრრრრი-გატოუ!"

ავტორი: ჰექსამონ ჯავასკრიპტელი

Last updated