პრინციპულობა

თანაგიორგობისთველებო და თანაფორუმელებო,

ამ რამდენიმე დღის წინ ჩვენი დიადი მასწავლებელი პრფ. თენგიზ ოფტოპიკაშვილი (a.k.a მასწავლებელი) ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით დაუკავშირდა დიადი გიორგობისთვის მოძრაობის ჩრდილოამერიკული რეგიონების ცენტრალურ შტაბს. მოკლე, მაგრამ თბილი მიმოკითხვის შემდეგ, მასწავლებელი შტაბის სამუშაო განრიგის განხილვას შეუდგა. იგი ძირითადად კმაყოფილი დარჩა დაგეგმილი ღონისძიებებით, თუმცა, გარკვეული შეშფოთება გამოხატა ამა წლის ბოლოს კაპიტალისტი ობობების წინააღმდეგ დაგეგმილი ტერაქტების რაოდენობის და ხარისხიანობის მიმართ. მასწავლებელი, როგორც ყოველთვის ზრუნავს ჩვენი მოძრაობის თითოეულ წევრზე. "ჩვენი მოძრაობის მთავარი ღირსება მისი იდეალები კი არაა, არამედ - მისი წევრები. რა თავში ვიხლით აბსტრაქტულ იდეალებს, თუკი ამ საამაყო წამოწყების რიგითი ჯარისკაცები ვერ შეძლებენ საკუთარი თავის რეალიზაციას და დასახული მიზნების ხარისხიან, კორექტულ, თანაზომიერ განხორციელებას?". ეს, მეგობრებო, მისი სიტყვებია*!

შემდეგ, მასწავლებელი მისთვის ჩვეულ თბილ ფორმებში შეეხო მოძრაობის შიგნით არსებულ საბრძოლო განწყობას და წევრებს შორის დამყარებულ მორალურ ატმოსფეროს. მწუხარებით უნდა გაცნობოთ, რომ მასწავლებელმა შესამჩნევი უკმაყოფილება გამოთქვა ამ უკანასკნელის მიმართ.

"უნდა გითხრათ, ჩემო კარგებო" - როგორც ყოველთვის რბილი ინტონაციით დაიწყო მან (რომლის უკანაც, როგორც ყველა მისმა მოწაფემ იცის, შეუცდომლად ამოიცნობა რკინისმკვნეტელი ლომის ურყევი ნება) - "რომ ეს უკანასკნელი ფრიად შემაშფოთებელ ელფერს იღებს. ბოლო თვეების მანძილზე წინანდელი გულმოდგინებით ვეღარ ვადევნებ თვალს მოძრაობის შიგნით განვითარებად მოვლენებს. თავად მოგეხსენებათ, ჩემო ძვირფასებო, ჩუკოტკელი ჩუქჩების ლინგვისტური პრობლემების დიფერენციაციული ანალიზი და ტენზორული მათემტიკის გამოყენებით მისი კორელაცია უძველესი ქართული ტომების მიგრაციის ტრაექტორიასთან, ლობიოს ჭამა არ არის. ზოგს კი" - აქ მას ხმა უკვე შესამჩნევად გაუძლიერდა და სწორედ ის ტონალობა მიიღო, რომელსაც ჩვენი სათაყვანო ბელადი ასე შეუცდომლად ამოიცნობს, როგორც "ფოლადგარეულ ხმას" - "გიორგობისთვის დიადი გზა სწორედ რომ ლობიოს ჭამად მიაჩნია. ის სახიფათო ელემენტები, რომელებიც ჯერ მხოლოდ აისბერგის წვერებივით აქა-იქ იჩენენ თავს და დაღუპვის გზაზე უცდომლად მიმავალი ტიტანიკივით ერთგვარი კომფორტის ცდომილების ქმნიან, განუხრელად მიიყვანს ჩვენს საამაყო მოძრაობას ანალოგიურ ფინალამდე." - აქ მასწავლებელმა გრძელი პაუზა გამოუშვა და შემდეგ სწორედ იმ მკაცრი, დიდაქტიკური ტონით გააგრძელა საუბარი, რომელიც უშეცდომოდ განასხვავებს მას ყველა ჯურის სხვა პროფესორ-დოცენტებისგან - "პრინციპულობა, ჩემო ყოფილო მოსწავლეები და ახლა-კი კოლეგებო, არის ძირითადი და ურყევი ძელქვი, რომელზეც ყველაფრისამტან ქვაკუთხედად უნდა შეიკრას მოძრაობის დანარჩენი ელემენტები. ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ საკუთარი არსის და მსოფმხედველობის რეალიზაციას სწორი შეხედულებების მიღწევის მიზნით უნდა ესწრაფვოდნენ. მსგავსი შეცდომა ხშირად ბადებს შეუქცევად მოწადინეობას ესა თუ ის შეხედულება შეიცვალოს, შეინიღბოს ან თუნდაც უარყოფილი იქნას. აბსტრაქტული ცნების - სწორი შეხედულებების - სახელით არა ერთი და ორი არასწორი ქმედება იქნა ჩადენილი. ჭეშმარიტება კი, ანუ ჭეშმარიტებასთან შედარებით მიახლოებული ცდომილება, იმაში მდგომარეობს, რომ ესა თუ ის ე.წ. - სწორი შეხედულება - საბოლოო ჯამში გარკვეული მსოფმხედველობის და მიზნების მქონე ადამიანების, უფრო სწორად ადამიანთა კოორდინირებული ჯგუფების, რკინის ნებით მიღწეული დომინაციია. სწორედ ამაშია გიორგობისთვის მოძრაობის კარდინალური განსხვავება, მისი უმთავრესი პარაპეტი - ჩვენ არ ვესწრაფვით სწორი საზოგადოების შექმნას, ეს უტოპიაა - არა, ბატონებო" - აქ მას თავისებურად ცეცხლივით აენთო თვალები (თუმცა კი ჩატში ეს არ ჩანდა) - "ჩვენი, თუ ნებას მიბოძებთ წავიმაღალფარდოვნო - მისია - სწორედ რომ იმაში მდგომარეობს, რომ მსგავს გამოვლინებებს ხელი შევუშალოთ. ჩვენ უნდა დავამყაროთ ჩვენი მსოფმხედველობა, ჩვენი მიზნები, ჩვენი იდეალები! რომ არსებობდეს ჭეშმარიტად სწორი იდეალები, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელი ორი მილიონი წლის განმავლობაში კაცობრიობა მას აღმოაჩენდა. ცივილიზაციების განვითარების სპირალური ფორმა კი განუხრელად მიუთითებს ერთი და მხოლოდ ერთი ფაქტისკენ - არ არის მართალი და მცდარი, კარგი და ცუდი, მაღალი და დაბალი, ამ სიტყვების ადამიანური გაგებით. არიან ისინი და ვართ - ჩვენ! ამის ფონზე, ისეთი მავნე გამოვლინებები, როგორიცაა საკუთარი პლატცდარმის, მსოფმხედველობების და ხანდახან მიზნების არა თუ ცვლილება, არამედ გამრუდებაც კი, ძირშივე უნდა იქნას აღმოფხვრილი. ამ მხრივ, განაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მოძრაობის რამდენიმე წევრი და არა მარტო უბრალო წევრები, არამედ რეგიონალური ლიდერებიც კი. ზღვარი გიორგობისთვის მიზნების პერმიმეტრის კორექტირებასა და ელემენტარულ უპრინციპობას შორის, მეტად ბუნდოვანია.

ავიღოთ თუნდაც აი ეს უკანასკნელი ექსესი - ე.წ. ინოგორაციის განტოლება. მე, ჩემო ძვირფასებო, კარგად მესმის თქვენი ახალგაზრული გულისტკივილი და ჩვენი სათაყვანებელი მოძრაობის მიზნების შესაძლო რეალიზაციის ასეთი ახლო, შეიძლება ითქვა, რომ ხელშესახები სიახლოვე მათი მიღწეულობის შესაძლო, და დამიჯერეთ - არაადექვატურ - შესრულებადობის სიიოლის შთაბეჭდილებას სტოვებს. ყურადღება უნდა გავამახვილოთ სწორედ იმ ფაქტზე, რომ ეს არის შთაბეჭდილება, არაადექვატურობა და მომიტევეთ, ბატონებო, და ერთგვარი დილეტანტიზმი. განა ჩვენი მოძრაობის უმთავრესი ქვაკუთხედი, მისი ერთდროულად ეშაფოტი და გილიოტინა - პრინციპულობა - ასე ადვილად გაიცვლება რამდენიმე ათეული ჯარისკაცის მიერ არეული, შეუთავსებელი ნაბიჯით კარგად გასაწმენდ ბაქანზე აქეთ-იქით სეირნობაში და ორიოდე კატარღის (რომლიდანაც მესამე, მარცხნივ ბუქსირით მიჰყავდათ) ბაქიბუქა წყლის მიშხეფებაში? არა, ბატონებო, არა, არა და არა! ეს განსაკუთრებით ეხება იმ ავადსახსენებელი განტოლების ავტორს. გვარს და სახელს კონსპირაციულობის მიზნით არ ვასახელებ.

პრინციპულობა, ბატონებო, არის ჩვენი მოძრაობის უმთავრესი იარაღი! და ისინი, ვინც ივიწყებენ გუშინდელ ჯარისკაცებს, დღეს დაივიწყებენ - დღევანდელს. ჩვენ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ სწორედ იმ გარემოს შექმნსა, რომელიც მოძრაობის შიგნით პრინციპული, თანმიმდევრული, ურყევი წევრების თვითრეალიზაციის საშუალებას მოგვცემს. და არა ე.წ. "სწორი შეხედულებების" ფსევდო-ეგიდით ამ უმნიშვნელოვანესი არტეფაქტის - პრინციპულობის - დათმობას!" - აქ მასწავლებელი სასწრაფოდ დაგვემშვიდობა, რამდენადაც, მისივე განცხადებით უხა მოიხარშა და სამი კვირის მანძილზე ირმის უმი ხორცის ჭამის შემდეგ, ამ ფუფუნებაზე ვერაფრით იტყოდა უარს. (ასევე შეგვპირდა, რომ მის უსაყვარელს მოწაფეს, ბ-ნ მიშას უახლოეს დღეებში გამოუგზავნის ჩუკოტკური უხის მომზადების რეცეპტს).

დამშვიდობებისას იგი შეგვპირდა, რომ ამ დღეებში გამოვა კავშირზე და მოძრაობის ყურადღებას კიდევ რამდენიმე საჭირბოროტო, გადაუდებელ საკითხს მიაპყრობს.

პატივისცემით,

გიორგობისთვის მოძრაობის მთავარი არქივისტი

ჰ. ჯავასკრიპტელი

იანვარი, 2004

*გიორგობისთვის მოძრაობის არქივი, ოცდამესამე განყოფილება, მეშვიდე თარო, ორმოცდამეორე წიგნი, ორასოცდამესამე გვერდი. იკითხეთ ტატო. სტილი დაცულია.

Last updated