შეურყვნელობა

თანაკაპიტალისტობობებზედამრტყმელებო,

დღეს, დილის ორ საათზე, ამაღელვებელი და და განსაცვიფრებელი ამბავი მოხდა. ჩვენი სათაყვანებელი მენტორის, ბ-ნი პროფესორის შეტყობინება მოვიდა. სიმართლე გითხრათ, მაესტრო დღეების წინ შეგვპირდა კავშირზე გამოსვლას და ყველა, ვინც კარგად იცნობს მის პუნქტუალობას, დამეთანხმება, მეტად არატიპიურია მისთვის ასეთი ხანგძლივი ყურადღებისმიუპყრობლობა საკუთარი მოწაფეებისადმი. თუმცა, რა გასაკვირვია, ბ-ნი პროფესორის სიბრძნის სიღრმეებს ჩვენ ვერასოდეს ჩავწვდებით. ჩვენ, გადაპარსულბეწვიანთა ოჯახის რიგითმა ცხვრებმა მორჩილად უნდა ჩავთვალოთ, რომ ფარის კეთილდღეობას სწორედ ასე სჭირდებოდა.

შეტობინება ბოთლით მოვიდა. ანუ, მოვიდა ბოთლი და მასში სამ ენაზე დაწერილი ერთი და იგივე შინაარსის ბარათი იყო მოთავსებული. ძნელი სათქმელია, ეს კონსპირაციულობის გამო იქნა გაკეთებული, თუ იმ სენტიმენტალური დღის გასახსენებლად, როდესაც მაშინ ახალგაზრდა კადეტი, ვასო, ცოტა არ იყოს და ნასვამი გამოცხადდა ლექციაზე, რითიც ფრიად გაამხიარული ჩვენი დიადი მასწავლებელი. სწორედ მაშინ გამოაცლევინა ერთი ბოთლი ქინძმარაული ერთი დაცლით (რაც სასიქადულოდ იქნა შესრულებული ჩვენი პატივცემული კოლეგის მიერ), შემდეგ ცარიელი ბოთლი დააჭერინა და გაახედა შიდ. ასეა თუ ისე, ბარათი არავითარი ციფრობრივი საშუალებების გამოყენებით მოსულა. უბრალო, შუშის ბოთლში კარგად ჩაპრესილი ბოლოკის ნაგლეჯი მას მარილიანი წყლისგან იცავდა. თუმცა, როგორც ჩანს, კარგად ვერ იცავდა. იოდინმა სწრაფად გამოხრა თავსახურავი და საფუძვლიანად დაასველა შიგთავსი წერილები. საბედნიეროდ, წერილები სამ ენაზე იყო დაწერილი და მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში არცერთი იკითხება, მათი რუდუნებიანი კომპილაციით შესაძლებელი გახდა უმნიშვნელოვანესი აზრების ამოკითხვა. ჭეშმარიტად დიადია ჩვენი მასწავლებლის შორსმჭრეტველობა! აი კიდევ ერთი, პრაქტიკული გაკვეთილი მისი მოსწავლეებისთვის - თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვსთ სათქმელი და გინდათ, რომ თქვენმა შეტყობინებამ აუცილებალად ადრესატამდე მიაღწიოს, რამდენიმე ენაზე, შეუპოვრად გაიმეორეთ ერთი და იგივე! შეუპოვრად და სხვადასხვა ენებზე! ვიღაც აუცილებლად გაიგებს!

წერილის პირველი ნაწილი მთლიანად იქნა აღდგენილი და რამდენიმე დღის წინ გაეცნო თანაფორუმელებს. მეორე ნაწილი უფრო შიდაპარტიული წრეებისთვის არის დაწერილი (აგრეთვე უფრო მეტად დაზიანდა) და საუბედუროდ ალაგ-ალაგ არ იკითხება. თუმცა, გიორგობისთვის მოძრაობის საარქივო განყოფილების მთელმა კოლექტივად საჭიროდ სცნო:

  1. მისი ანალებში* შეტანა.

  2. დამსწრე საზოგადოებისთვის ამოკითხული ნაწილების გაცნობა.

ამ მოსაბეზრებელი შესავლის შემდეგ, გთავაზობთ წინამდებარე ტექსტს:

ჩვენი წინა საუბარი, ჩემო ძვირფასებო, პრინციპულობის ანალიზით დავასრულეთ. სიმართლე ითქვას, შეიძლება ზოგიერთებს მოსჩვენებოდათ კიდეც, რომ ეს სწორედ დასასრული იყო, მაგრამ, განა შეიძლება ისეთი ამოუწურავი თემის ანალიზის დასრულება, როგორიც არის პიროვნების შემაქვითკირებელი უმნიშვნელოვანესი კონცეფციის - პრინციპულობის როლი თანამედროვე მუსიკალური მეთოდებით მახალხარისხოვანი სამრეწველო ჩიტის რძის მიღების საქმეში? მე შემეძლებოდა გვერდები და გვერდები მეწერა ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე, მაგრამ, ვიცი, ჩემი წერილის ნაწილი მაინც დასველდება და ამდენად, პირდაპირ გადავალ შემდეგ საკითხზე (იმ სათუო დაშვებით, რომ ჩემი მოსწავლეების ნაწილს მაინც ესმის პრინციპულობის საკითხის შესავლები).

მაშ ასე, დავუშვათ საქმე გვაქვს პრინციპულობასთან. რა, გეკითხებით მე თქვენ, რა არის შემდეგი უმნიშვნელოვანესი თვისება, რომელიც ადამიანს ცხოველთა ნაკადისგან გამოჰყოფს და იმპერატორ ნერონის მსგავსად დიდების მწვერვალებზე აიყვანს? ჩემმა უსაყვარლესმა მოსწავლემ, მონკიტომ, უკვე აღნიშნა (და სიმართლე ითქვას, გასაოცარი კორექტულობით), რომ კორექტული პერსეფციის სამი ცენტრალური ელემენტი არის: პრინციპულობა, შეურყევლობა და შეურყვნელობა.

განვიხილოთ ეს ორი უკანასკნელი.

პრინციპულობა, თავისთავად, ხურმა ხილია. მისთვის ისევე აუცილებელია შემდგომი ინგრედიენტი - შეურყევლობა, როგორც სახედრისთვის - ხურმა. შერყეული პრინციპების მქონე ადამიანი კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე - საერთოდ უპრინციპო. უპრინციპო ადამიანს უკვე აქვს ამოსავალი წერტილი, შესავალი გასაღები - იგი უპრინციპოა. როგორც უკარებო კარი, ჩვენ საწყისი აქსიომა სწორედ მისი უ-პრინციპობაა. გაცილებით უფრო რთულადაა საქმე შერყეული პრინციპების მქონე ადამიანთან. ასეთი ადამიანი წააგავს სახლს, რომელზეც კარები და ფანჯრები ოსტატურად არის მიხატული. სანამ შესვლას არ დააპირებ, ვერც კი მიხვდები, ნამდვილად კარია, თუ მხატვრული ფანტაზიის ნაყოფი...

(რამდენიმე აბზაცი არ იკითხება)

...მიუხედავად მათი ბუნებრივი ურთიერთმსგავსებისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შეურყვნელობა პრინციპულად განსხვავებული კატეგორიაა. ზოგი ადამიანი პრინციპების რყევას განიცდის და ამ დროს საკუტარი ნარციზმის ნაგლეჯებს ჩაჭიდებული უთავო მხედარივით მერყეობს პრინციპებყოფილების ბილიკებზე, ხოლო შერყვნა, გაცილებით უფრო საშიში ფენომენია. ეს არის პრინციპული ანტაგონიზმის უმაღლესი კვაზიმარაზმული ფორმა, როდესაც წინა ანალოგიაში მოყვანილი უთავო მხედარი გავეშებული აწყდება პრინციპული პოტენციალების მატრიცას და შეგნებულად, ვიმეორებ შეგნებულად ახდენს მათი სტერეომეტრიული თვისებების გამრუდებას ლობაჩევსკის თერთმეტგანზომილებიან სივრცეში. ასეთი მიმდინა...

(ერთი გვერდი არ იკითხება)

...ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაღრმავდება. ვიცი, შემდეგში რაიმე მისტიური შესაძლებლობების მქონე შამანად მომნათლავს ბევრი (გაუთვითცნოებიერებელი), მაგრამ ეს, ჩემო ძვირფასებო, მხოლოდ და მხოლოდ დაკვირვებაა, დაკვირვება და წლებით მიღებული გამოცდილება. დროულად მიღებული ზომების გარეშე, როდესაც სათანადოდ არ იქნება შენიშნული, დაფასებული და პედესტალზე აყვანილი წინამდებარე გვერდებზე მოხსენიებული თვისებების მატარებელი ადამიანები, სწორედ რომ კონკრეტული ადამიანები და, აქ თავს ნებას მივცემ უკბილოდ ვიხუმრო, ულოკომოტივო ვაგონები, ძალიან მალე დაიკარგება სწორედ ის სარჩული, რომელიც ასე ამშვენებს ამ ლამაზ თავყრილობას.

ჩემო ძვირფასებო, თქვენ იცით რომ, არასოდეს მიყვარდა უსარგებლო აბსტრაქციებით თავის შეწყენა. ჩემ ასაკს მიღწეული უკვე ხვდები, რომ არანაირი აზრი აქვს წმიდაწყლის აბსტრაქციებს. ცხოვრება ძალიან მოკლეა აბსტრაქტული იდეალიზმებისთვის, ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი მოსაზრება მისი პრაქტიკული გამოსადეგობით უნდა იქნას შეფასებული. და ეს არის ერთადერთი ღირებული საზომი.

ამდენად, წინადადება შემომაქვს დაწესდეს უბრალო, მაგრამ ეფექტური ღონისძიება, დაინი...

შემდგომი ტექსტი არ იკითხება. საუბედუროდ, დასველებულია სამივე ენაზე დაწერილი წერილი. მიმდინარეობს მათი აღდგენის მცდლეობა მეცნიერების უთანამედროვესი მიღწევის, კერძოდ, მოკლე ქვედაკაბაზე დატანილი სპერმატოზოიდების აღმოჩენის და მათი დნკ თვისებების დადგენის ლევინსკი-სტარის ექპერიმენტარული მეთოდით. ექსპერიმენტის შედეგებს შეგატყობინებთ უახლოეს მომავალში.

პატივისცემით

გიორგობისთვის მოძრაობის მთავარი არქივისტი

ჰ. ჯავასკრიპტელი

იანვარი, 2004

*ანალების ქვეშ იგულისხმება გიორგობისთვის არქივსაცავები

Last updated