ბიძოლოგია

შესავალი

ბიძოლოგია ქართული სოციოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია და იკვლევს ისეთ კომპექსურ ფენომენს, როგორიცაა ბიძა.

ამ დარგს, სწორედ, პროფესრომა ოფტოპიკაშვილმა ჩაუყარა საფუძველი, თავისი ცნობილი კონფერენციით "განსხვავებულის მოყუდებისას იდაყვის დაკავებიდან, სამყაროს დიონისურ მოაზრებამდე - ბიძოლოგიის შესავალი", რომელიც ბროწლეთის საკონფერენციო აუდიტორიუმში წაიკითხა, აღფრთოვანებული მსმენელის წინაშე.

ქვემოთმოყვანილი წერილებით, მისი შეგირდები გვაცნობენ ამ დისციპლინის ზოგიერთ საინტერესო ასპექტს.

ორიოდ სიტყვა ბიძურ ფენომენზე

ბიძები, ერთი შეხედვით, მარტივად ამოსაცნობი კატეგორია, არცთუ ადვილად დახარისხებადი ერთეულია. ანუ რას ვგულისხმობ:

ბიძა არის "ტრანსვერსალური" სოციალური კატეგორია. ბიძა შეიძლება იყოს მასწავლებელი, მეცნიერ-მუშაკი, მზარეული, მძღოლი (ეს ორი უკანასკნელი, თავად ბიძების მიერ მოიხსენიება როგორც "პოვარი" და "შოფერი"). ანუ, ბიძა არის ფენომენი, რომელიც არ შემოიფარგლება ერთი სოციალური კატეგორიით, არც განათლების დონით, არც წარმომავლობით. ამდენად, ძნელია ბიძის, როგორც ცნების ჩამოყალიბება სალექსიკონოდ. ამ მოვლენის არსს რომ ჩავწვდეთ, მისი ყოფის, მისი შეხედულებების ერთობლივი ნახაზი უნდა წარმოვიდგინოთ თვალწინ.

სწორედ ესაა საოცარი! ბიძობა სეგრეგაციას და დისკრიმიანციას ვერ იტანს და საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენელ ყველა ბიძას აქვს ყოფისა და ქცევის ერთი და იგივე კოდები!

რა თქმა უნდა, მცირე განსხვავებებს აქვს ადგილი. მაგალითად, ყველაზე დაბალი ფენების ბიძებს (შოფრებს) შეიძლება ჰქონდეთ ნეკა თითზე ფრჩხილი მოზრდილი. ამ გამონაზარდის ფუნქციებიდან, მკითხველის შეცბუნების თავიდან აცილების მიზნით, მხოლოდ სანოვაგეზე მარილის მოყრას დავასახელებთ.

ბიძას უყვარს ისეთი ადგილები, როგორიცაა სკვერები, სადაც ის, სხვა ბიძებთან ერთად თამაშობს ჭადრაკს, დომინოს, ნარდს და საუბრობს ფეხბურთზე. ყველა ბიძის საყვარელი ფეხბურთელები არიან მიშა მესხი და სლავა მეტრეველი. შემდეგ მოდიან (არა კლებადი წესით, აღრეულად): სიომა ბარქაია, ჟორა სიჭინავა და პუშკაში. ნაკლებად მხრცოვანი ბიძებისთვის, პირველი ორი ფეხბურთელი კვლავაც ლიდერობს. სამაგიეროდ, დანარჩენები ადგილს უთმობენ ძმებ მაჩაიძეებს, ჩივაძეს და გაბელიას.

ბიძის უცვლელი მეგობარია გინება. ხშირად ბიძა იგინება რუსულად, კავკასიური აქცენტით. ან ქართულად, იხსენიებს რა შესაგინებელი ობიექტის მშობელი მდედრის სხეულის ნაწილებს. ამ მხრივ ის დიდ ფანტაზიას არ იჩენს და კლასიკური სხეულის ნაწილებით შემოიფარგლება, რაც მას განასხვავებს ქართული ინტერნეტის ახალგაზრდა მოყვარულთაგან, რომლებიც ერთმანეთს აქამდე გაუგონარი და წარმოუდგენელი გინებით უმასპინძლდებიან.

ბიძა ბევრჯერაა ნამყოფი რუსეთში, სადაც მას არნახული სქესობრივი თავგადასავლები გადახდომია. ის არასდროს ყოფილა მოსკოვის დიდ თეატრში, თუმცა კარგად იცნობს საერთო საცხოვრებლებს, სადაც ის, თავისი შავბალნიანი მკერდის გამო, რუსი ახალგაზრდა ქალების არცთუ შეფარულ ინტერესს იწვევდა. ბიძის აზრით, ყველა რუსი მამაკაცი "პეტუხია", რაც ამ უკანასკნელთა სქესობრივ უმწეობაზე მეტყველებს. ამის გამო, და მხოლოდ ჰუმანიტარული მოტივაციით აღტკინებული, ბიძა თავს სწირავს და ეძლევა რუს ქალთა დაკმაყოფილების მძიმე მოვალეობის შესრულებას. ამ ამბებს, შემდეგ ის მხიარულად ყვება, უყვება ვაჟიშვილს.

თავისუფლად და ჭოჭმანის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ბიძა სვამს. ეს მისი ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა. ბიძურ სუფრაზე დასწრება ამ წერილის ავტორის ერთ-ერთი უსაყვარლესი პროცესია!

ბიძის ცოლს ჰქვია იზო, ხანდახან თინა.

ავტორი: ფიდო

ჩანახატი ბიძურ თემაზე

ბიძა - რამდენს იტევს ეს მოკლე ასოთშეხამება. რამდენ ასოციაციას, დაფარულ თუ დაუფარავ მოგონებას აღძრავს. ვამბობ და უკვე თვალწინ წარმომიდგება ის ფართონაოჭებიანი, თმებშეთხელებული, მომრგვალებული პირისახეები, რომელთა თვალებს ჯერ კიდევ დარჩენიათ ახალგაზრდული ცეცხლი. აი, წამოდგა, ამაყად წამოსწია მძიმე ყანწი. კრავს დასაძგერებლად გამზადებული არწივის შემართებით გადახედა მიჩუმათებულ სუფრას და თავისებური ნარნარი ბასით დასჭექა: "ეს იმ დღეებს გაუმარჯოს, ირკუტსკში მიმავალ ეშელონებს რომ ვაბრუნებდით, ბიჭებო". თავზედ გადაისვა ბალანშერეული, მსუყედ დადაცვარული მარცხენა ხელი და მოიყუდა. ოჰ, რა ნარნარად ირხევა ბიძური მხრები, ბალეტის ელასტიურობით იზნიქება მაისურს მოძალებული ბიძური სტომაქი, შუბლის ნაოჭებს შორის ბრწყინავს ქეიფით დაღლილი ბიძის ნაოფლარი. სუფრაც გაჩერდა ჯერ და მერე ისევ ძველებურად, ჯეელურად ახმაურდა. "მუზიკანტები" - დაიძახა მაღალმა, ოქროსკბილიანმა ბიძამ. პატარა, ჩოფურა ინტელეგენტი სასმისს უვსებს მესამე ბიძას. შეუვსო, გაიღიმა ბიძამ. ო, რა მოხდენილად გადასდო ჩოფურას ხელი, რა ამაყად მიმოიხარა და უთხრა: "ვასო-ჯან, დაასხი, განა ამის ზევით გასდის. დაასხი, დიდი კაცის სამსახური არ დაგეკარგება". მართლაც-და, დაასხი, შე დალოცვილო, ვასო!

ეჰ, სადა ხართ მადლიანო, მაძღრიანო, ამ სოფლის მცოდნე ბიძებო? მე ვიცი სადაცა ხართ, ხალხში ხართ და ხალხის გენიას გეძახიან.

ავტორი: ჰექსამონი

მხატთან

ეს ნამდვილი ამბავი მოხდა მოსკოვის თეატრ "mxat"-თან. მოყოლილია ბიჭიკოს მიერ.

მამაჩემის მეგობარი ბიჭიკო და მისი ახლობელი უზარმარი სუპერ ბიძა მიდიოდნენ თავჩაქინდრულები. ბიძა ძალიან ცუდ გუნებაზე იყო, იმყოფებოდა რა იმ სასტიკ მდგომარეობაში, რომელსაც საზოგადოდ ეწოდება "პახმელია".

ძალიან ცუდად იყო რა. მის გონებაში ქაოსურად მიდი-მოდიოდნენ დალევის სხვადასხვა ვარიანტები.. სად? რა? რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ როგორ? ნელ-ნელა ნაბიჯს უმატეს, რადგან ეს ყოფა აუტანელი ხდებოდა.

ასე, აჩქარებული ნაბიჯით ჩაუარეს "MXAT"-ს, სადაც რაღაც სპექტაკლის პრემიერა იყო და უამრავ ხალხს მოეყარა თავი.

უცებ, სად იყო და სად არა გამოხტა პატარა რუსი "inteligentishka" და პირდაპირ ბიძას მიმართა მოსკოვური აქცენტით: "izvinite, u vas lishneva bileta ne naidziotsa?". ბიძამ უცებ დაამუხრუჭა, თვალები გააფართოვა, დაიხარა (რადგან ინტელიგენტიშკა პატარა იყო) და ჩახლეჩილი, ბოხი ხმით და ქართული აქცენტით შეუღრინა "შტოო"?.

ბიჭიკოს უნდოდა ჩარეულიყო და ინტელიგენტიშკასთვის წყნარად ეჩვენებინა წითელი ბარათი, მაგრამ რუსმა თეატრის მოყვარულმა დაასწრო და ისევე მოსკოვური აქცენტით, "iexidni" ინტონაციით კითხვა გაუმეორა ბიძას: biletika, gavariu, lishneva ne naidziotsa?

ბიძამ ჩაისუნთქა და დაიღრიალა "პაშოლ ნა ხ.."!!!

ინტელიგენტიშკა გაქრა.

ერთხელ, ჩემი ძმაკაცის მამის დაბადების დღეზე მოვხვდი და მაგარი ბიძური სიტუაცია იყო!! ძალიან მიყვარს ეს გარემო და ბიძებმა რომ მითხრეს "მოდი შვილო, მოდი, ერთი განსხვავებული დაგვილიე და დაჯექი აგერ"-ო, არ ვიუარე და დავრჩი. უკვე კაი გახურებული იყო სუფრა და რამოდენიმე ხანში, ბიძები კარგად დათვრენ (მეც კარგ კონდიციაში ვიყავი, იმათი ნახევარი გზა მე მთლიანად მეყო და კარგად გამოვთვერი - ჩემი ტევადობა მათი ნახევარიც არაა!). ჩემი ძამაკცის მამა სადღაც გავიდა და კაი ხანი აღარ შემობრუნდა... ბოლოს ერთმა ბიძამ თქვა: "ირაკლის თავის თავი ვიღაცის სახლში ეგონა და მგონი გაიპარაო"!!

მაგრამ ირაკლი მალევე შემობრუნდა და წარმოთქვა "კარონნი" ფრაზა "აბა, თინა ერთი სუფრა გადამიხალისე რა!!!". და გაგრძელდა მოლხენა!

ავტორი: ფიდო

პატრიოტი ბიძა

ეგ ამბავი კომუნისტების დროს ხდება. (მოგეხსენებათ ბიძური დათარიღება, "რუსების დროს" ან "კომუნისტების დროს")

ოთხი "მალადოი" ქართველი ჭაბუკი იმყოფება მოსკოვში. რა უნდათ მოსკოვში ალბათ მოგეხსენებათ. შევიდნენ რესტორანში, დასხდნენ, შეუკვეთეს და ოფიციანტ გოგონებს თვალებიც ჩაუკრეს უკვე. გავიდა ცოტა ხანი და გრძნობენ რომ რაღაც "ნი ტო" ხდება და მალე მიხვდნენ, რომ უკვე მეორე საათია რესტორნის მუზიკანტები სომხურ მუსიკებს უკრავენ. ამ ბარბაროსობის აღსაკვეთად ბიჭებმა მუზიკანტებთან მიაჭრეს, აგრესიული მზერით და ხელში თუმნიანებით უთხრეს რომ გრუზინსკი რამე დაუკარიო. მუზიკანტების უსტაბაშმა მიუგო რომ უკაცრავად დარაგიე, აი იმ მაგიდასთან რომ მოხუცი ძია ზის მთელი საღამოსი გადაიხადა და თუ რამე გინდათ იმასთან გაარკვიეთო. ბიჭებმა ხელები მოიფშვნიტეს (ზოგს თავში ამოუტივტივდა ბიძა მამის ნათქვამი "სომეხს არ ენდო შვილო, სომეხს") და მოხუც სომეხ კაცს მიუახლოვდნენ. ეს მოხუცი სომეხი ზის სპორტულებში, სომხური კონიაკი, სუჯუკი და გვერდით უზის მაგარი რუსის ქალი. რუსის ქალმა ქართველ ყმაწვილებში კიდევ უფრო გაზარდა აგრესიის დონე და ძიას მიახალეს რომ ისენი ქართველები იყვნენ და ქართულ მუსიკის მოსმენა უნდათ.....

მოხუცი ძია შემოუტრიალდა ბიჭებს და ეუბნება: "ვახ თქვენი ჭირიმე ბიჭებო, ქართველები ხართ თქვენ შემოგევლეთ, მეც ქართველი ვარ"

ბიჭები ბრინჯივით დაიბნენ.. ერთს გამბედაობა ეყო და ძიას კითხა, კი მაგრამ თუ ქართველი ხარ რა სომხური მუსიკები აგიტყდაო....

....აქ მოხდა ის მოულოდნელი რამ, რაც ამ ქართველ ბიჭებს (ეხლა ალბათ უკვე ბიძებს) დღემდე სამშობლოს სიყვარულის სადღეგრძელოს ბოლომდე ასმევს.....

ქართველმა ბიძამ მიუგო:

"აი ამ რუსის გოგოს ხომ ხედავთ, 2 თვეა ვეჩალიჩები და ბოლოს როგორც იქნა ლოგინამდე მივიყვანე, მაგრამ ამ ცხოვრების დედა რომ ვატირე, ასაკმა თავისი მიქნა და ლოგინში ვერაფერი ვერ ვქენიო. ხოდა ჩემო პატარა ძმებო ხო არ ვეტყოდი რომ ქართველი ვარ ამის დედა შ****" და ბიძა ატირდა......

ავტორი: Bruce Lee

ჩანახატები

გთავაზობთ პატარა ჩანახატებს ჩემი უბნის ეზოდან, რომელიც თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ იყო ბიძების სამოთხე.

უბნელ ენთუზიასტ ბიძებს ეზოში პატარა ფაცხა ჰქონდათ აგებული და ყოველ საღამოს იქ იკრიბებოდნენ. მე მაგნიტივით მიზიდავდა ეს ფაცხა და ხშირი სტუმარი ვიყავი ამ ბიძური კლუბისა. სამწუხაროდ დღიურს არ ვაწარმოებდი თორემ ალბათ ფასდაუდებელ ღვაწლს შევიტანდი ბიძური ფენომენის შესწავლაში. თვითონ ამ ფაცხის ისტორიაც საკმაოდ საინტერესოა, ბიძები ფაცხის ასაშენებლი ფულის შესაგროვებლად კარიდან კარზე დადიოდნენ და მეზობლებს ეუბნებოდნენ: ეზო მისახედია კაცი გარეთ ვერ გამოსულაო. სწორედ ამ ფულის შეგროვების დროს გამომზიურდნენ უბნის მოღალატეები, როგორიც იყო მაგალითად არა-ბიძა ინტელიგენტი ბატონი სერგო, რომელმაც ფული არ დადო "მე დომინოს თამაშის დრო არა მაქვსო". ამის მერე სერგო საგინებელ სიტყვად იქცა უბანში. ბიძებს რამოდენიმეჯერ ჰქონდათ მცდელობა ბატონი სერგოს პატარა ვაჟის კაცად დაყენებისა. ეზოში რომ დაინახავდნენ დაუძახებდნენ: მოდი ჩვენთან შვილო მოგვისმინე უფროსებს, ჭკუას დაგარიგებთ და თან ჩუმად ჩაილაპარაკებდნე "თორემ აბა მამაშენიგან შენ კაცობას ვერ ისწავლი".

მე ხშირად ფაცხელ ბიძებისთვის "პივას" ვკისრულობდი, თავისი თევზით. ჩემი ეს ჰუმანიტარული აქცია ბიძებში დიდ სიხარულს იწვევდა და ჩემი სტატუსი ბიძურ სამყაროში კიდევ უფრო მაღლა იწევდა: "აგაშენა ღმერთმა შვილო, დილიდან ვკვდებოდი პახმელიისაგან", "აბა მამაშენის შვილი სხვანაირად არც მოიქცეოდა",

"არა რა, მაინც დარჩა ის თბილისური გაგება და შენისთანა ახალგაზრდობა რომ მოდის მაგი მიხარებს გულს" და ა.შ.

ლუდით ყელს რომ ჩაიკოკლოზინებდნენ, აი სწორედ მაშინ იწყებოდა ნამდვილი მოგზაურობა ტიანშანში. (ერთი იქ ჩამსვა ეხლა მეტი არაფერი არ მინდა)

ბიძა და იზო:

იზო აივნიდან: "გივი! ამოდი კაცო სახლში, ვერ ჩავრთე ეს ოხერი კერასინკა გავიყინე"

გივი ფაცხიდან: "რა გაყვირებს იზო! მოვალ მალე, რაღაცას ვაკეთებ ხო ხედავ"

გივი ჩვენსკენ ტრიალდება და ჩვენს გასაგონად, ოდნავი ღიმილით იზოსთან დაუმთავრებელ დიალოგს აგრძელებს:" თუ ასე შეგცივდა წადი ქალო და ის პალტო ჩაიცვი იმხელა ფული რომ გადამაყრევინე", ამის შემდეგ მაგიდაზე დომინოს ქვას ძლიერად დააკაკუნებს და ხმამაღლა წამოიძახებს "რიბა".

ისე საერთო ჯამში ბიძას უყვარს იზო.

ბიძა და რუსეთი

გივი ყოველთვის ამბობდა რომ ქალი გამხდარი არ უნდა იყოს.

"აი მოსკოვში რომ მყავდა ერთი ლარისა, კაი მაგარი საჯიშე ქალი იყო რა, ლოგინში ფეხს რომ დამადებდა ადეალა მეგონა ხოლმე"

ავტორი: Bruce Lee

ბიძები და "მარფინისტები

ბიძებს არ უყვართ არანაირი მორფინისტი და ბალახეულის მწევლები.

ზოგი ბიძისათვის ეგ საერთოდ ერთი და იგივეა.

მახსოვს ერთი ბიძა იყო ბესარიონიჩი (მამის სახელით იმიტომ მიმართავდნენ რომ ცოტა ასაკოვანი იყო, "ბეზ პიატი მინუტ" ბაბუა უნდა გამხდარიყო მაგრამ მაინც ბიძა იყო ჯერ.)

საღამოს კლუბში შემოვიდა ბესარიონიჩი, ძალიან დამწუხრებული სახით.

"რა არის ბესარიონიჩ რა გჭირს" იკითხეს მალადოი ბიძებმა.

"რა მჭირს კი არა და ისეთ ცუდ ხასიათზე დავდექი დღეს, სანზონაში ვიყავით მე და იზო, ქვისლს პატარა სუფრა ჰქონდა გაშლილი. უკან რომ ვბუნდებოდი პადიეზდში ისეთი რამე ვნახე ნეტავ არ მენახა საერთოდ. ისხდნენ ეს პატარა ლაწირაკი მარფინისტები და მორფს სვამდნენ ბანკებით" (მე კი მივხვდი ეხლა რომ ლაწირაკებს ტრუხა ბალახისგან მანაგუა ჰქონდათ მოხარშული მაგრამ ბესარიონიჩს მაგას ვეღარ აუხსნიდი). ამ ამბავმა სერიოზულად ჩააფიქრა ბიძები.

გივიმ მრისხანედ განაცხადა: "აი ჩემმა ბიჭმა რომ მაგი გააკეთოს, არც ინსტიტუტში მოვაწყობ და არც მანქანას ვუყიდი, მერე ვნახოთ ერთი რას იზამს" (ზოგი ბიძისათვის ბიჭის ინსტიტუტში მოწყობა შვილის სწორ გზაზე დაყენებას ნიშნავს.)

ავტორი: Bruce Lee

ბიძათა სიბრძნე

აი კიდევ ერთი ამბავი, რომელიც ჩემი ერთი ძმაკაცის მამის ძმაკაცებს შორის გამართულ დიალოგს ეხება:

ერთი ამბობს: აი ცოლი იცი რა არი? (იგულისხმება ცოლქმრული ცხოვრება) ერთი მძ..რით სავსე ბოჩკაა რა, ოღონდ ზემოდან ცოტა თაფლი უსვიაა!

ბიძა N2: ხოო? ვააა! აბა მე ეტყობა უკუღმა გამიხსნია რა!

ავტორი: ფიდო

ბიძები და უცხოელი ინვესტორები

(ობობა კაპიტალისტებთან ბრძოლის ბიძური მეთოდები)

მოკლედ ერთი ახლობელი ფულიანმა ბიძებმა დაიქირავეს რამოდენიმე თვით, ინგლისური ენის მცოდნე კაცი უნდოდათ რომელიც უცხოელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ბიძებს დაპრივატიზეირებული ჰქონდათ ერთი პატარა საწარმო რომელიც თუ არ ვცდები სსრკ-ს დროს რაღაც სამხედრო დანიშნულების მასალებს აწარმოებდა და საქმის დასაწყებად პირველადი კაპიტალი ესაჭიროებოდათ.

ამ ახლობემაც ინტერნეტში ერთი თვის ძებნის შემდეგ ვიღაც დაინტერესბული ბიზნესმენები იპოვა ამერიკაში. ამერიკელებს ამ მასალაზე გაგონილი ჰქონდათ და დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ მოლაპარაკებებს . საქმე იქამდე მივიდა რომ იანკებმა გადაწყვიტეს საქართველოში ჩამოსვლა და საწარმოს მენეჯმენტთან (ანუ 2 ბიძასთან) ბიზნეს წინადადებაზე მოლაპარაკება.

ბიძებს მაგრა გაუხარდათ, სტუმრებს დიდი ამბავით დახვდნენ და რომელიღაც კერძო სასტუმროში დააბინავეს. მეორე დილას ეს 2 ბიძა (მენეჯმენტი) და რამოდენიმე თანმხლები ძმაკაცი ბიძა მანქანებით დააადგნენ ამერიკელებს (თანმხლებ ბიძებს საწარმოსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ უბრალოდ ძმაკაცებს "ფირმა" სტუმრების დახვედრის ორგანიზებაში ეხმარებოდნენ), რესტორანი შეკვეთილი არისო (ჩემი ახლობელიც თან ახლდათ როგორც მთარგმნელი). უცხოელები თავიდან უარობდნენ მაგის დრო არ არის ჯერ საქმე და მერე ყველაფერი კარგად თუ გამოვა კი ბატონო პატარა ბიზნეს-ლანჩზე უარს არ ვიტყვითო. ბიძები ხელმძღვანელობდნენ რა პრინციპით: "საქმე მგელი არ არის ტყეში გაიქცეს" ჯიუტობდნენ "ძმურად ერთი მაგათ გადაუთარგმნე იქ ისეთ ბიზნესს და ჩახუტებას ვანახებთ რომ შეიძლება წასვლაც აღარ მოუნდეთ უკან". დიდი გაწევ გამოწევების შემდეგ მიანც წავიდნენ რესტორანში.

რესტორანში კაი ბიძური მოლხენა წავიდა:

"ძამიკო ერთი კარგად გადაუთარგმნე რასაც ვიტყვი:

მთავარი ფული კი არ არის კაცობაა და კაცურად საქმის კეთება თორე ფული ხან იქნება ხან არა კაცობა კიდევ სულ უნდა იყოს.......

მოდი ამ სასმისით იმათ გაუმარჯოსვინც თქვენ ამერიკიდან გამოგაცილათ......

ამ ჭიქით იმათ მინდა გაუმარჯოს თქვენ რომ უკან დაბრუნდებით და იქ აეროპორტში რომ დაგხვდებიან.....

ვინც ეხლა თქვენ იქ გულით გელოდება ყველა იმას მინდა გაუმარჯოს........

მოკლედ მოლხენის შემდეგ ტვინის მბურღავი ამერიკელები დაინტერესდნენ იქნებ თქვენი წინადადებები გაგვაცნოთ, აი ჩვენი აქ არისო და ჩანთიდან ამოიღეს 300 ფურცლიანი შეთავაზება თავისი ბიზნეს რისკებითა და ამბებით.

ამაზე ბიძა მენეჯერმა ახლობელს უთხრა (ბიძებს რათქმა უნდა არანაირი ბიზნეს გეგმა არ ჰქონდათ):

"შენ ძმურად ერთი უთხარი მაგათ რომ ფული დადონ და წილში გავიყვანთ რა.

გადამგდები ხალხი ჩვენ არა ვართ ძმაო და რათ მინდა ეხლა ეგ მაიმუნობები "

მეორე დღეს როგორც თქვენ არ გინახავთ ის ამერიკელები ისე არც ბიძებს არ უნახიათ

ავტორი: Bruce Lee

პასუხი სენსეის

შენ კარგად გრძნობ ფენომენის სიდიადეს, ბრიუს.

მეც მიმუშავია სტუდენტობის დროს თარჯიმნად ბიძებთან, ოღონდ იქ ტრანსპორტის სამინისტროს ეხებოდა საქმე, სადაც საფრანგეთის ტრანსპორტის სამინისტროს მთავარი ინსპექტორი, ალენ ბოდონი იყო ვიზიტად და თანამშრომლობაზე სასაუბროდ ხვდებოდა ბიძებს სამინისტროში, "გაიში", საგზაო დეპარტამენტში და მერიაში.

ეს ჩემთვის ულევი წყარო იყო "დაჩალიჩებული" "გაჩითული" ბიძების ფოლკლორში საბანაოდ! რა თქმა უნდა, ყოველ შუადღე-საღამოზე, რესტორნებში გაისმოდა მორიგი ბიძის შეკვეთა "სამი ნავერტელე..."...

ალენ ბოდონი ფრიად ნასიამოვნები დაბრუნდა ამ მივლინებიდან!

ერთხელ მცხეთაში ვიყავით ასე, ერთ-ერთ რესტორანში. უეცრად შუქი წავიდა. ერთ-ერთი ბიძა, მერაბა, ადგა და გავიდა სანახავად. ქალებმა სანთლები შემოაცუნცულეს. მალე მერაბაც შემოვიდა და განაცხადა "შუქი არ მოვა". ყველა შეშფოთდა "რატომ, რა თქვეს"? - "არაფერი არ უთქვიათ, მარა ეს ელექტრიკი რო მოიყვანეს, ჩემი შოფერი იყო ადრე და რა უნდა გააკეთოს მაგან იბიო მატ!!"- აღმოხდა მერაბას.

მერე ალენ ბოდონი გორს ეწვია და სტალინის მუზეუმის მონახულების შემდეგ, ადგილობრივმა ბიძებმა ინტურისტის რესტორანში დაპატიჟეს, სადაც, რა თქმა უნდა, სტალინის სადღეგრძელოც დაალევინეს!!!!

ავტორი: ფიდო

ბიძა პანაშვიდზე ანუ ბიძური მოხერხებულობა

(დაუმთავრებელი სამეცნიერო ნაშრომიდან ბიძოლოგიაზე თავი 5 პარაგრაფი 6)

ეს ამბავი ერთი ნაცნობისაგან გავიგე იმედია მართალია :)

ერთი ბიძა ძმაკაცებში ქეიფობდა სახინკლეში. უცებ გაახსენდა რომ პანაშვიდზე იყო წასასვლელი. ბიძამ მიცვალებულის სახელიც კი არ იცოდა და საერთოდ მაგარი შორეული ნათესავის ბაბუის ძმის მეგობრის ვიღაცა იყო, მაგრამ მიუსვლელობა არ გამოვიდოდა და ბიძური კოდექსის უხეში დარღვევა იქნებოდა.ბიჭებს დაემშვიდობა და სასწრაფოდ გამოვარდა სახინკლიდან.

ლიფტი არ მუშაობდა და გაჭირვებით აბობღდა 12 სართულზე. პანაშვიდის ოფიციალური დრო უკვე დამთავრებული იყო და კარები ნახევრად მიხურული იყო.

ბიძა მაგარი ჩაფიქრებული იყო სულ სხვა რამეებზე ფიქრობდა და იმის მაგივრად კარებში შესულიყო ავტომატურად ზარის ღილაკს დააჭირა ხელი. მოკლედ ასე ფიქრებში გაპარული 5 წუთი დგას და ზარიდან ხელს არ უშვებს. უცებ ელდა ეცა გაახსენდა რომ პანაშვიდზე იყო მისული. ამ დროს კარებიც გამოაღო ჭირისუფალმა და შეწუხებული სახით გამოხედა ბიძას. ჭირისუფალს შუბლზე ეწერა "პანაშვიდზე კარებს ვინ კეტავს შე რეგვენო რა ჩამოიღე ეს კარები".

მაგრამ ბიძა რის ბიძაა თუ "მამენტალნა" გამოსავალი არ მონახა.

ქუდი უცბად მოიძრო , გულზე ხელი მოიკიდა (ვითომ ცუდად გახდა) და ნახევრად ამტირალებული ხმით რაც ძალა და ღონე ჰქონდა შეჰყვირა:

"იმან გამიღოს, იმაააან!!!!!

სანამ ის არ გამიღებს კარებს მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი!!! "

ატირედნენ ჭირისუფლები, შეხედე როგორ განიცდის კაციო. ბიძას სახლში შეაყვანეს სკამზე დასვეს და მოასულიერეს.

იმ ღამეს ბიძა ბევრს ფიქრობდა მაგრამ მიცვალებულის სახელი მიანც ვერ გაიხსენა....

ავტორი: Bruce Lee

სტადიონზე

მამაჩემი ტრიცატ დევიატავ გოდაა და იმან იცის ისეთი ბიძურების მოყოლა, აი მის ახალგაზრდობაში რომ ბიძები იყვნენ!! ანუ ეს ბიძურ სოცილოლოგიას სცდება და ბიძურ ანთროპოლოღიაში გადადის.

ერთხელ ნოდარ გიორგევიჩი (მამაჩემი), სტადიონზე იყო. იქნებოდა ასე 50-იანი წლები, ან 60-იანების დასაწყისი. ჩვენები თურმე მოსკოვის დინამოსთან ძალიან ხშირად აგებდნენ. ბევრ კარგ გუნდს უგებდნენ და ამათთან კი არ გამოსდიოდათ. ეს თამაშიც სწორედ მოსკოვის დინამოსთან იყო და ჩვენი დინამო აგებდა. გარშემო სულ ბიძა ხალხი იჯდა. ბოლო წუთები რომ წავიდა, ერთ-ერთ ღიპიან ბიძას ამოასხა და ბოხი ხმით დაიღრიალა: ესე იგი ამათ პარიკმახერები რო გამოუყვანო და მოსკოვის დინამო დაარქვა, მაიც წააგებენ რა ამათი... !%^*&°§!

აი კიდევ ერთი ბიძური ამბავი, რომელსაც თავად ნოდარ გიორგევიჩი ყვება ხოლმე, მის ერთ-ერთ უსაყვარლეს ფეხბურთელზე, მგონი ჟორა სიჭინავაზე (მერე "სოჩაში რო სპასატელად მუშაობდა" ):

თამაშობენ სსრკ და ბრაზილია. უცებ, ჟორა გაჩერდა და უყურებს, როგორ მიაქვს ბურთი პელეს, გადასცა რიველინოს, იმან ტოსტაო მონახა... ჟორა კიდე დგას. მივარდა ჟორას ვიღაც რუსი ბიდლა თანაგუნდელი და ასეთივე ბიდლა ინტონაციით ეუბნება: "ტი შტო, ბლ.ად ოხ.იელ? ანუ დავაი, ბეგაი!!" ჟორამ შეხედა დამცინავად გახვითქულ რუსს და მიუგო "პადაჟდი, ნუ იობ ტვაიუ მატ, Fუტბოლ სმატრიუ"!!!

კიდევ, ხშირია საუბრები დიდ სიომა ბარქაიაზე (ეს სულ მამაჩემის გოდა ამბებია, ანუ საკმაოდ ძველი). სიომას ილეთი იყო მოედანზე მოწინააღმდეგისთვის სიფათში შეფურთხება! ოღონდ ამას ოსტატურად აკეთებდა და არა ისე არაბიძურად, როგორც ეს რაიკარდმა და ფიოლერმა იკისრეს. სიომა თურმე იაშინს უშრობდა სისხლს. ერთხელ გაუტანა და უთხრა "დავაი, ვინიმაი, დეპუტატ"-ო -იაშინი დეპუტატი იყო.

ავტორი: ფიდო

"პივის ჩეკი"

პარიკმახერები ბიძებისთვის მაგარი მიუღებელი პროფესიაა. სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ ზუსტად ეპითეტებს მაგრამ ძალიან ხშირად მსმენია დალაქების ცოტა აუგად მოხსენიება ბიძურ საუბრებში.

სერიოზული კვლევის საგანი უნდა გახდეს ბიძების ტერმინოლოგია.

სწორედ ამ კვლევის პატარა ნაწილზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება.

საფეხბურთო-სტადიონური თემას გავაგრძელებ.

რამოდენიმეჯერ სტადიონიდან გამოსული ბიძებისაგან მსმენია (ეს როცა თბილისის დინამო მოიგებდა): "დავიხიეთ პივის ჩეკივით"

მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ტერმინს პივის ჩეკივით დახევას, მოგეხსენებათ ბიძური ფოლკლორის ლომის წილი ჩაისახა "პივნოების", სახინკლეებისა და მსგავსი "ზავედენიების" კედლებში.

ვისაც ადრე ახსოვს "პივნოიში" ლუდის ყიდვა მეტად საინტერესო პროცესი იყო. მიდიოდი "კასასთან" და იქ წვერგაუპარსავ, ოდნავ ბინძურ, კავკასიური ტიპის მამაკაცს მისცემდით სათანადო თანხას. ის კი მოგცემდათ ჩეკს, ამ ჩეკით მიდიოდით ლუდის ჩამომსხმელთან და სწორედ აქ ხდებოდით ამ მაგიური ილეთის მოწმენი: ლუდის ჩამომსხმელი ხის ნაფოტში გარჭობილ მასიურ პარკეტის ლურსმანზე (ა.კ.ა გვოზდის ლურსმანტი) ოსტატურად ჩამოახევდა ჩეკს. რაც ბიძისათვის იმის მომასწავებელი იყო რომ რიგში დიდი ხნის დგომის შემდეგ სანუკვარ სითხეს დაეუფლებოდნენ. სწორედ ამიტომ ტერმინმა "პივის ჩეკის ჩამოხევამ" ბიძებისათვის პოზიტიური და დადებითი ემოციებით დამუხტული მნიშვნელობა მიიღო.

ავტორი: Bruce Lee

კლარნეტსტი

მოკლედ, ჩვენთან მუზიკანტთა ბენდი იყო ერთი, რომელიც სამი კაცისაგან შესდგებოდა: დოლი, გარმონი და კლარნეტი. ქორწილებში უკრავდნენ ხოლმე.

ერთხელ უბნელმა ბიძებმა ავარიაში გადარჩენის მაღარიჩი იკისრეს. ჩასხდნენ "რაფში" და ბუნების წიაღში გავიდნენ. ცხვართან, ღვინოსთან და სხვა სამაღარიჩო ინვენტართან ერთად, რასაკვირველია, ბენდიც თან წაიყვანეს. კარგად მოილხინეს და იქიდან შეზარხოშებულ მდგომარეობაში გზად მომავლები მანქანაში კვლავ შალახოს მუღამზე მოვიდნენ. ბიჭებმაც არ დააყოვნეს და დასცხეს. უკრავს ბენდი თავგანწირვით, დანარჩენები კი მჯდომარე მდგომარეობაში ცეკვავენ. ამ დროს, დიდი სისწრაფით მიმავალი "რაფის" წინ უეცრად გადარბენილმა ძაღლმა მძღოლი აიძულა მკვეთრად დაემუხრუჭებინა, რის გამოც, ფიზიკის კანონების შესაბამისად, მგზავრები წინ იქნენ გადატყორცნილნი, მათ შორის, რა თქმა უნდა, კლარნეტისტიც. კლარნეტის ბოლო დიდი ძალით ეძგერა წინა სავარძლის საზურგეს და მთელი სიგრძე-სიგანით შეეთხარა პატრონს ხახაში. ასე პირიდან კლარნეტისთავამოჩრილი მიიყვანეს პირდაპირ საავადმყოფოში. ოპერაცია დაჭირდა. მას შემდეგ დაკარგა საწყალმა გამართული მეტყველების უნარი, მაგრამ კლარნეტის კვრას მაინც ძველებური შემართებით განაგრძობდა.

ავტორი: Hardthof

შეიძლება თუ არა ბიძა იყოს პოლიციელი?

ჩემის აზრით, შეიძლება. ყველა ბიძური ასაკის პოლიციელი ვერ იქნება ბიძა, მაგრამ ბიძა შეიძლება იყოს პოლიციის რიგებში.

მამაჩემის ძმაკაცის, ბიჭიკოს, მამა, გოგი ბიძია, დინამოს ფეხბურთელი იყო 30-იან, 40-იან წლებში. მერე კი, ანუ როცა მამაჩემი და ბიჭიკო მოზარდები იყვნენ, 50-იან წლებში, ის მილიციის რიგებში გახლდათ და ალბათ მიხვდებით, რომ სპეცნაზური ეფექტურობით და მოტივაციით არ გამოირჩეოდა.

ერთხელ, გოგი ბიძია ბაზარში იყო ბიჭიკოსთან ერთად და ცოცხალი ქათმის ყიდვა გადაწყვიტა. როცა გამყიდველმა, არც მეტი, არც ნაკლები, 3 მანეთი დააფასა ქათამი, გოგი ბიძიამ ქათამი გამოგლიჯა და მისით სცემა გამყიდველი, ანუ, ცოცხალ ქათამს უტყამდა თავში. თუ რა კივილისა და კრიახის ნაზავი ატყდებოდა დეზერტირებში ამ დროს, თავად წარმოიდგინეთ.

ავტორი: ფიდო

რა თქმა უნდა ეგ დასაშვები ვარიანტია რომ ბიძა იყოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელი.

აი ფიდელმა მაგალითი მოიყვანა ბიძია გოგიზე. რატომღაც მიღებული იყო რომ ძველი სპორტსმენები კარიერას მილიციაში აგრძელებდნენ.

მეც მყავდა ერთი ასეთი ძველი კალათბურთელი მილიციის პოლკოვნიკი ნაცნობი (მაგარი ბობოლა მილიციელი იყო).

ჩვენი პირველი შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო.

ოფისში შემოვარდა მაღალი ტყავისკურტკიანი ბიძა, ხელში პატარა მუყაოს ნაგლეჯი ეჭირა და გვეუბნება: "ერთი ძმურად ამაზე 'განყოფილების უფროსი' დამიწერეთ და პატივისცემა ჩემზე იყოს". საქმე იმაში იყო რომ ამ ბიძას თავის კაბინეტისთვის პატარა აბრის გაკეთება უნდოდა. ჩვენ ოფისი რომ დაინახა იფიქრა ამათ "კამპიუტერი" ექნებათო ("კამპიუტერი" ხომ იგივე საბეჭდი მანქანაა უბრალოდ დენის ქსელში არის შეერთებული და ფერადადაც ბეჭდავს)

ჩვენ აუხსენით რომ ლაზერული პრინტერი მაიონეზის ყუთის მუყაოს ქაღალდზე საბეჭდად არ გამოდგებოდა და შევთავაზეთ უბრალო A4 ფურცელზე 'ლანდსკეიპით' ამონაბეჭდი, რომელიც შემდგომში ქაღალდის წებოთი

მიაწება თავის ნაგლეჯზე, უფრო "სალიდნი ვიდი" ექნებაო.

პოლიციელმა ბიძამ დანაპირები შეასრულა და პიტივისცემის ნიშნად ლუდი და თევზი მოგვიტანა.

ეს ბიძა ჩვენთან ხშირად მოდიოდა და თავისი სხვა ბობოლა თანამშრომლებისათვისაც გაგვაკეთებინა რამოდენიმე აბრა. სწორედ ამ ბიძამ მანახა ის საიდუმლო ჟესტი რომელსაც ქართველი პოლიციელები ხმარობენ.

ერთ-ერთი ვიზიტის შემდეგ ვთხოვე ვაკეში თუ გადიხართ მეც დაგემგზავრებითთქო. მაშინ თბილისში მაგარი პიკეტობანა იყო ყოველ ფეხის ნაბიჯზე იდგნენ. ერთგანაც ჩვენ მანქანას გაჩერება დაუპირეს და ბიძამ თავისი ჟესტი გააკეთა, კერძოდ ორი თითი მხარზე რამოდენიმეჯერ დაიკაკუნა. როგორც შემდგომში ამიხსნა ამით მან ანიშნა რომ მეც თანამშრომელი ვარო და ვირტუალურ პაგონებზე თითების კაკუნიც მაგას მიუთითებდა. "ჩამოეყარენ ეს გლეხები, დგანან ამ პიკეტებზე და ხალხს ვეღარ ცნობენო" შემომჩივლა მე.

ავტორი: Bruce Lee

7 საათი იზოს ცხოვრებიდან

გავრისკავ და ბიძურ ცხოვრებას იზოს თვალებით აღვწერ.

იზო "კუხნაშია". სუფრიდან გამოტანილ ჭურჭელს რეცხავს და თან ცალი თვალით გასათბობად დადგმულ ჩაქაფულს უყურებს არ გადადუღდეს. მეორე ოთახიდან ("ზალიდან") ბიძური ქეიფის გუგუნი ისმის.

/*იზოს ფიქრები

რამდენს სვამს გივი ღმერთო ჩემო. ხომ უთხრა ექიმმა აღარ დალიოო. გააწყალა ამ ნუგზარმაც საქმე, არ გამიგია ყოველდღე ქეიფი, მოკლავენ მაგენი გივის და ეგ იქნება.... ხვალე ინსტიტუტში ვარ კიდევ მისასვლელი. რა მოუხერხო ლევანს აღარ ვიცი, ისევ კათედრის გამგეს უნდა ვეხვეწო ჩათვლაზე მეორეჯერ დაუშვას....

რამდენჯერ ვთხოვე გივის და ერთი წესიერად არ დაელაპარაკა ლევანიკოს, ან უყვირის ან გულში იხუტებს. აღარ ვიცი მოკლედ...."

*/

იზო!

იზო, ქალო სადა ხარ არ გესმის მოდი სუფრასთან.

იზო უცბად იძრობს წინსაფარს და "ზალაში" გარბის.

"რა არის გივი, რამე ხო არ შემოგაკლდათ."

"გეკადრებათ ქალბატონო იზო, ამ სუფრაზე 3 დღე რომ ვიჯდეთ არაფერი შემოგვაკლდება. პრეზიდენტს არ ექნება ესეთი სუფრა ჩვენ რომ გვაქვს." წამოიძახა სუფრის ბოლოში მჯდომმა ახალგაზრდამ.

/*იზოს ფიქრები

თქვენ რომ მიგიშვათ 3 კი არა 10 დღე არ წახვალთ აქედან. ისე მაინც ვინ არის ის ახალგაზრდა პირველად ვხედავ. გივის თანამშრომელია მემგონი.

*/

"იზო, ნუგზარს უნდა შენი სადღეგრძელო შესვას და იყავი ეხლა აქ ცოტახანი" მბრძანებლური ტონით ეუბნება გივი.

ნუგზარი დგება და განსხვავებულით ხელში იწყებს იზოს სადღეგრძელოს (დღეს უკვე მესამეჯერ).

იზო ნაძალადევად იღიმის თან ფიქრებში იპარება

/*იზოს ფიქრები

უყურე ერთი ამათ რა კარგი სუფრა გამიფუჭეს, რა ამოიყვანს ეხლა მაქედან წითელ ღვინოს

*/

ფიქრებში გაპარულს დროდადრო ნუგზარის სიტყვები ჩაესმება... "ხაზეიკა", "უჭკნობი ვარდი" "დედაბოძი" და ა.შ....

ამ დროს ტელეფონის ზარი, იზო მაშინვე გაექანა ყურმილის ასაღებად. უკვე 10 საათია და ლევანს ჯერ არ დაურეკავს. ყურმილიდან ნუგზარის ცოლის, ლამარას ხმა ისმის: "იზო კიდევ მანდ არის ნუგზარი? გამოაგდე თუ ქალი ხარ თორემ მაგი დილამდე დარჩება.... /*იზოს ფიქრები - რამე ახალი თქვი შე ქალო, მაგი მეც ვიცი რომ დილამდე წამსვლელი არ არის*/

"უიმე რას ამბობ ლამარა, ნუგზარი რომ მიყვარს ისე არ ვიცი. ამ ღამეში როგორ გამოუშვებ, ლოგინი გაუმზადე უკვე ჯობია აქ დარჩეს." ყურმილიდან ლამარას ბუზღუნი ისმის..

"იზო მოდი აქ ისედაც მთელი დღე მაგ ტელეფონს უზიხარ კაცს ჯერ შენი სადღეგრძელო არ დაუმთავრებია. ვინ არის ისე რომ გავახსენდით?"

"ნუგზარი შენი ლამარა რეკავს."

ლამარაო !!! წამოიყვირა გივიმ. მომეცით განსხვავებული ! ახლა მე უნდა დავლიო ლამარას სადღეგრძელო"

"კაი თუ კაცი ხარ სადაა მაგისთვის გასაფუჭებელი ღვინო" დაიფასა თავი ნუგზარმა.

გივიმ მაინც თავისი გაიტანა და ლიტრიანი აზერფაშით ლამარას სადღეგრძელო მიიღო.

გავიდა 5 საათი, ლევანიც გამოჩნდა და ბიძებიც დაიშალნენ. ზოგს გულმა შეაწუხა, ნუგზარს ლამარასი შეეშინდა და ა.შ.

აი ლოგინამდეც მიაღწია იზომ. გვერდზე გივი ხვნეშის ვერ იძინებს. "არ უნდა დამელია ამდენი" იზო გადის და ტაშტი მოაქვს ყოველი შემთხვევისათვის.

"გივი, ისე ვინ იყო ის პატარა ბიჭი რომ აგიყოლებიათ სუფრის ბოლოში რომ იჯდა"

"უფფ, ეგ არის კაცური კაცი ჩემი თანამშრომელი, კაი გულიანი ბიჭია. ზეგ ოჯახში დაგვპატიჟა

ბრუს-ლი ქვია"

ავტორი: Bruce Lee

Last updated